ჯეოსელის წარმომადგენლები სტუმრად დასაქმების პროგრამაში

13 თებერვალს თეთრიწყაროს დასაქმების პროგრამას კომპანია ჯეოსელის ადამიანური რესურსების მენეჯერი, სალომე კიღურაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თაკო როდონაია ესტუმრნენ. კორპორაციული მოხალისეობის ფარგლებში სალომე კიღურაძემ პროგრამის მონაწილეებს საინტერესო სესია ჩაუტარა და სასარგებლო რჩევები მისცა.  „როგორ მოვემზადოთ და დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება გასაუბრებაზე“  – აღნიშნული სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც სამუშაოს მაძიებელი  უნდა აკმაყოფილებდეს.

დასაქმების პროგრამა RDFG-ს პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„ძალიან საინტერესო იყო გვემასპინძლა ისეთი კომპანიის  HR-ისთვის, როგორიც ჯეოსელია.  ინფორმაცია მივიღეთ იმ კრიტერიუმებისა და სტანდარტების შესახებ, რომელსაც მსგავსი კომპანიები ითვალისწინებენ კადრების აყვანის პროცესში. აუცილებლად გავითვალისწინებ მიღებულ რჩევებსა და რეკომენდაციებს“ – აღნიშნა დასაქმების პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ თიკო დონაძემ,.

სემინარის შემდეგ შთაბეჭდილებები ჯეოსელის HR მენეჯერმაც გაგვიზიარა. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო დასაქმების პროგრამაში სტუმრობა. მოხარული ვარ, რომ ჯეოსელსა და RDFG-ს შორის თანამშრომლობა შედგა. სესიამ ინტერაქტიულად ჩაიარა და მონაწილეებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. ვფიქრობ, ბევრი მათგანი უკვე მზადაა იმისთვის, რომ დამსაქმებლების წინაშე ღირსეულად წარსდგეს – აღნიშნა სალომე კიღურაძემ. ჯეოსელის ადამიანური რესურსების მენეჯერმა.

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.