RDFG-ს ახალი პროექტი გარემოს დაცვის მიმართულებით

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) პარტნიორობით ახალი პროექტი იწყება. პროექტი სახელწოდებით „კუდსაცავების მართვის  უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს საქართველოსა და სომხეთში არსებული ავტორიზებული სააგენტოებისა და სამრეწველო კომპანიების უნარების გაუმჯობესებასა და განვითარებაში, რათა გაიზარდოს მათი მზაობა სხვადასხვა სამრეწველო ავარიითა და უბედური შემთხვევით გამოწვეული კატასტროფების მიმართ.  ამ მიზნით, 24 თვის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა და უკრაინელი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდება ტრენინგები, ვორქშოფები, გაცვლითი ვიზიტები.

პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები და სამთო სამრეწველო კომპანიები, ასევე საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები მოსახლეობა.

2017 წლის ბოლოს სომხეთში პროექტის სტარტაპ ვორქშოფი გაიმართა, რომელშიც RDFG-ს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ასოციაციის თავმჯდომარის, ვანო გრიგოლაშვილით თქმით, აღნიშნული პროექტის თემატიკა და არსი, რომ დავიცვათ გარემო ერთობლივი ძალისხმევით, თანხვედრაშია ორგანიზაციის პრიორიტეტებთან.

„პროექტი თავისი აქტუალობიდან გამომდინარე განსაკუთრებულ როლს თამაშობს საერთაშორისო მდინარეების დაცვის მიმართულებით.  მის ფარგლებში, საქართველოში უსაფრთხო გარემოს მხარდასაჭერად ჩვენი ორგანიზაციის DRR ცენტრი ხელს შეუწყობს ამ სფეროში ქვეყნის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. RDFG-სთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ჩართულია მსგავსი სტანდარტების დანერგვის პროცესში“ – განაცხადა ვანო გრიგოლაშვილმა.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს მრჩეველთა მხარდაჭერის პროგრამის (AAP) მიერ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და ევროკავშირის სხვა მეზობელ ქვეყნებში გარემოს დაცვის მიზნით. პროექტი ხორციელდება სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია Eco Peace-ის ხელმძღვანელობითა და RDFG-ს პარტნიორობით გერმანიის გარემოს დაცვის სააგენტოს (UBA) მეთვალყურეობით.