პროექტ EDKK-ს ბენეფიციარები კენკრის წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ თანამედროვე მიგნებებს გაეცნენ

პროექტ EDKK-ში დაიწყო კამპანია „Look and Learn” , რომელის მიზანია ბენეფიციარ-ფერმერთა ცნობიერების ამაღლება სადემონსტრაციო ბაღებში ვიზიტების, შეხვედრებისა და პრაქტიკული სწავლების გზით. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა პირველი აქტივობა, კერძოდ, პროექტის ბენეფიციარი ფერმერები დაესწრნენ ქ. გურჯაანში, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრას, რომელიც კენკრის წარმოების, მოვლისა და  რეალიზაციის თემაზე გაიმართა.  შეხვედრაში  RDFG-ს პროექტ EDKK-ს ბენეფიციარებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID/REAP პროექტის წარმომადგენლებმა, ასევე სერბმა ექსპერტმა და კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.  შეხვედრას ასევე ესწრებოდა პროექტ EDKK-ს  ექსპერტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი-პროფესორი მეხილეობის დარგში, ქ-ნი ლალი გოგინავა.

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო მაყვლის, ჟოლოსა და მარწყვის ახალი ჯიშების პრეზენტაცია და მონაწილეებმა აღნიშნული კენკროვანი კულტურების მოსხვლის სპეციფიკისა და რეალიზაციის შესახებ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მათ იზოლდა ქიტესაშვილის სადემონსტრაციო ნაკვეთიც მოინახულეს, სადაც სერბმა ექსპერტმა, ნებოშა მომიროვიჩმა  კენკრის თანამედროვე გასხვლის ტექნიკის დემონსტრირება მოაწყო.

„პროექტ EDKK-ს ბენეფიციარებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.  მათ გაიცნეს სხვა მეკენკრეები, გაიზიარეს მათი გამოცდილება და კენკრის მოვლისა და რეალიზაციის შესახებ თანამედროვე მიგნებებს გაეცნენ. გარდა ამისა, შეიძინეს სასარგებლო კონტაქტები, შეხვდნენ უცხოელ ექსპერტს კენკროვანი კულტურის დარგში, რაც ბენეფიციარებს მომავალშიც მისცემს გამოცდილების გაზიარებისა და განახლებული ინფორმაციის მიღების  საშუალებას“ – განაცხადა პროექტის ექსპერტმა ლალი გოგინავამ.

მოგეხსენებათ, რომ პროექტ EDKK-ს ფარგლებში სულ 16 სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, რომელთაგან 10-ზე კენკროვანი კულტურა დაითესა.  ბენეფიციარებმა პირველი მოსავალი უკვე მიიღეს და ბაზარზეც გაიტანეს. ამჟამად, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შერჩევითი სამუშაოები ახალი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად.

RDFG-ს პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ (EDKK) მიზანს იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და საარსებო წყაროების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად იქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთები – ბენეფიციარების განკარგულებაში მყოფი მიწის ფართობი, რომელიც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ სამეურნეო პროცესში და მიიღონ მოსავალი.

აღნიშნული პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.