პროექტ EDKK-ს ფარგლებში სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა გრძელდება

RDFG სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის ახალ ეტაპს იწყებს. მიმდინარე პროექტის EDKK-ს ფარგლებში ბოლნისში, კოდაში, შაუმიანში, საგარეჯოში, დმანისსა და წინწყაროში  უკვე მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 16 სადემონსტრაციო ნაკვეთი. აღნიშნულ ნაკვეთებზე სხვადასხვა კენკროვანი კულტურა დაითესა და თანამედროვე სკები ჩაიდგა. ბენეფიციარებმა პირველი მოსავალი უკვე მიიღეს და ბაზარზეც გაიტანეს.

პროექტის ფარგლებში ახალი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით გამოცხადდა კონკურსი, სადაც წარდგენილი ბიზნეს გეგმების საფუძველზე შეირჩევიან გამარჯვებული ფერმერები. კონკურსის გამოცხადებასთან ერთად დაიწყო საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში. EDKK-ს გუნდი ბიზნეს ტრენერებთან და კენკროვანი კულტურის ექსპერტებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. დაინტერესებული პირები კენკროვანი კულტურების მოყვანისა და  ბიზნეს წინადადებების შევსების მეთოდოლოგიის შესახებ იღებენ ინფორმაცია.

„საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ბიზნეს გეგმის შემოტანის სურვილი არაერთმა  ადამიანმა გამოთქვა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. სადემონსტრაციო ნაკვეთი მართლაც ძალიან კარგი საშუალებაა ადგილობრივი ფერმერებისთვის, რათა მათ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება, გაეცნონ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს, ჩაერთონ სამეურნეო საქმიანობაში და მიიღონ ფინანსური სარგებელი“ – განაცხადა პროექტის თანამშრომელმა ნინო ბარაქაძემ.

RDFG-ს პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ (EDKK) მიზანს იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და საარსებო წყაროების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად იქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთები – ბენეფიციარების განკარგულებაში მყოფი მიწის ფართობი, რომელიც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ სამეურნეო პროცესში და მიიღონ მოსავალი.

აღნიშნული პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.