კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

13 ოქტომბერს, ღონისძიებათა ცენტრ Underwheel-ში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) საერთაშორისო დღე აღინიშნა.  ღონისძიებაში RDFG-სთან ერთად აღნიშნულ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა. თითოეულმა მონაწილემ DRR პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია წარადგინა, მოეწრო ფოტო და ვიდეო გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით RDFG-ს თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა მიმართა და DRR-ის მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობაზე ისაუბრა.

ღონისძიებაში RDFG-ს კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრების მოხალისეებიც ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა დაინტერესებულ სტუმრებს ორგანიზაციის მიერ DRR-ის კუთხით განხორციელებული აქტივობები გააცნეს, ასევე, გაითამაშეს სიმულაციური თამაში, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ქარიშხლის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაზიანებები.

კატასტროფის რისკის შემცირება და საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემების გაძლიერება RDFG-ს ერთ-ერთ ძირითად სამუშაო მიმართულებას წარმოადგენს.  ამ მიზნით, 2011 წელს ორგანიზაციამ შექმნა DRR ცენტრები, რომლის ფარგლებშიც 2000-ზე მეტმა ახალგაზრდამ შესაბამისი სწავლება გაიარა, თუ როგორ უნდა მოიქცეს სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრებში ახალგაზრდები ასევე სწავლობენ, თუ როგორ აიმაღლონ ცნობიერება ადგილობრივ თემებში  არსებული რისკების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო უსაფრთხოების ადვოკატირებაში მიიღონ მონაწილეობა. განათლების სფეროში, DRR ცენტრი სასწავლო გეგმაში კატასტროფის რისკის შემცირების საკითხების ინტეგრაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული. ადგილობრივ და ცენტრალურ  დონეებზე ცენტრის სპეციალისტები  მუნიციპალურ და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს საგანგებო დაგეგმარების სფეროში ტექნიკურ დახმარებას უწევენ, ხოლო თემის დონეზე, DRR ცენტრი თემის მოხალისეთა სამაშველო რაზმების ჩამოყალიბების მოდელს ნერგავს.