დასაქმების პროგრამის ღია კარის დღე ENPARD-ის პროექტის ფარგლებში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში RDFG-ს დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა.

პროექტის მრჩეველმა დასაქმების საკითხებში ქ-ნმა ლელა მაისურაძემ წინა ფაზებში მიღწეული შედეგებისა და პროგრამის მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრა. აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაევლოთ.

როგორც ლელამ აღნიშნა, პროგრამის მონაწილეთა საშუალოდ 70% დასაქმდა, დიდი ნაწილი კი ახალი მოტივაციითა და შემართებით სასწავლო პროცესს დაუბრუნდა.

RDFG აღნიშნულ დასაქმების პროგრამას Employment Shuttle 2015 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს. პროგრამა 20 აქტიურ და მოტივირებულ სამუშაოს მაძიებელს აერთიანებს, რომლებიც ხუთი თვის განმავლობაში მენტორის დახმარებით ერთიან გუნდად მუშაობენ, რათა მოხდეს თითოეული წევრის ინტეგრაცია შრომით ბაზარზე. Employment Shuttle ეხმარება უმუშევარ პირებს სოციალურ და შრომით ინკლუზიაში, კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში.

დასაქმების პროგრამის პილოტირება საქართველოში ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელობით მოხდა. ღია კარის დღეს აღნიშნული ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი მარსელა მაქსფილდი დაესწრო, რომელმაც დამსწრე ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

„ის ხუთი თვე, რომელსაც მონაწილეები ერთად გაატარებენ ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაციითა და პოზიტიური გამოცდილებით იქნება დატვირთული. მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად ჩაერთოთ დასაქმების პროგრამაში, რადგან ეს პროგრამა სწორედ იმ უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ, რომელიც დღესდღეობით პრიორიტეტულია შრომის ბაზარზე“.

თეთრიწყაროს მოსახლეობა პროგრამის მიმართ დიდი ინტერესით განეწყო. ღია კარის დღეზე დამსწრეთა უმრავლესობამ პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ადგილზევე გაიარა.

აპლიკანტთა რეგისტრაცია კვლავ გრძელდება და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე –  577 90 39 54.

ამჟამად, პროგრამის მეხუთე ფაზა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტის ფარგლებში იწყება. აღნიშნულ პროექტში – „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ დასაქმების პროგრამის 6 ფაზის განხორციელება იგეგმება. პროგრამა მოიცავს ორ ინტერვენციას : მოკლევადიან (ორდღიან) ტრენინგს სამუშაოს მაძიებელთათვის და ხუთთვიან ინოვაციურ პროგრამას.

RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.