RDFG-ს დასაქმების პროგრამის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა

„დასაქმების პროგრამა, გორი“-ს (Employment Shuttle) IV ფაზა წარმატებით დასრულდა. დასკვნით ღონისძიებას RDFG-ს თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ქუთათელაძე დაესწრნენ.

ხუთთვიანი პროექტი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ამ ხნის განმავლობაში, მენტორის მიერ ჩატარებული სესიების გარდა, მონაწილეებმა კერძო სექტორში მოღვაწე კორპორატიულ მოხალისეებსაც უმასპინძლეს. ისწავლეს, თუ რას ნიშნავს პერსონალური ბრენდი, რა მნიშვნელობა აქვს თვითმოტივაციას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, როგორ იქმნება რეზიუმე და ა.შ. პროგრამა დატვირთული იყო ჯგუფური აქტივობებით და როლური თამაშებით. გუნდი 20 მონაწილისაგან შედგებოდა, რომელთაგან 6 ბენეფიციარი (განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები) რეფერირებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

დასკვნით ღონისძიებაზე პროგრამის მენტორმა ეკატერინე ჭიაურელმა შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა და  სამუშაო პროცესისა და შედეგების შესახებ ისაუბრა.  მონაწილეებმა თავადაც მიიღეს პრეზენტაციაში მონაწილეობა და სტუმრებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

პროექტის მიმდინარე შედეგები კი ასეთია: 20 მონაწილიდან 11 მათგანი დასაქმდა, 4 კი სასწავლო პროცესს დაუბრუნდა. თავად მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ცოდნისა და გამოცდილების გარდა, პროგრამამ მათ თვითდაჯერებულობა და მოტივაცია შესძინა. შემაჯამებელ სიტყვაში  თითოეულმა მათგანმა დიდი მადლობა გადაუხადა პროექტის მენეჯერს ლელა მაისურაძესა და  მენტორს ეკატერინე ჭიაურელს პროფესიონალიზმისა და თბილი, მეგობრული დამოკიდებულებისათვის.

დასაქმების პროგრამის საცდელი ეტაპი 2015-2016 წლებში პროექტ „LIFE GEORGIA“ – ს ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა წარმოადგენს Vives Emplea -ს ესპანურ მოდელს,  რომლის პილოტირებაც პირველად საქართველოში მოხდა. ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, პროგრამის  ადაპტირება და პირველადი დანერგვა ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელობითა და RDFG-ს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. შიდა ქართლის რეგიონში აღნიშნული პროგრამის გაგრძელება (III – IV ფაზები)  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი.