სათეს-სარგავი მასალის გამოფენა-გაყიდვა წარმატებით დასრულდა

სათეს-სარგავი მასალების მეორე ყოველწლიური გამოფენა-გაყიდვა RDFG-მ წარმატებით დაასრულა. პროექტ EDKK-ს ფარგლებში მარტისა და აპრილის თვეებში აღნიშნული გამოფენა-გაყიდვები ეტაპობრივად კოდაში, შაუმიანში, წინწყაროში, დმანისში, ბოლნისსა და საგარეჯოში გაიმართა. შედეგად სათეს-სარგავი მასალები 500-მა ბენეფიციარმა მიიღო. თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, ნერგებისა და სათესი მასალების შესახებ მონაწილეებს ინფორმაცია RDFG-ს აგრო-კონსულტანტმა მიაწოდა.

გამოფენა-გაყიდვებზე მიწვეულნი იყვნენ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვისა და თესლის მომწოდებელი კომპანიები: აგრონეტი, აგროინვესტი, პასიფლორა, სინჯენტა, აგროქართლი და დავით კაკაშვილის სანერგე მეურნეობა. მათ დაინტერესებულ მოსახლეობას მცენარეთა დაცვის, მოვლისა და შენახვის ახალი თაობის საშუალებები, სათესი კულტურები და ხეხილის ნერგები შეღავათიან ფასებში შესთავაზეს. გამოფენა-გაყიდვაზე მისულ იძულებით გადაადგილებულ ფერმერებს პროექტ EDKK-ს თანამშრომლების მიერ ნერგებისა და სათესი მასალების სახით საჩუქრები გადაეცათ.

პროექტის „ეკონომიკური განვითარება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქვემო ქართლსა და კახეთში“ (EDKK) მთავარი მიზანი საქართველოში იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიერ სიღარიბის დაძლევისა და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერაა, რაც ძლიერი და კონკურენტუნარიანი სასოფლო წარმოების, გადამუშავებისა და მარკეტინგულ სექტორში ჩართვის გზით მიიღწევა. პროექტი ასევე ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებული ფერმერების ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებას. აღნიშნული პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.