სათეს-სარგავი მასალის გამოფენა-გაყიდვა კოდასა და შაუმიანში

პროექტ EDKK-ს ფარგლებში კოდისა და შაუმიანის დევნილთა დასახლებებში სათეს-სარგავი მასალების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღინისძიებაზე მისულმა ფერმერებმა RDFG- ს აგრო-კონსულტანტების დახმარებით თანამედროვე აგრო-სამეურნეო  ტექნოლოგიების, მცენარეული კულტურებისა და ახალი ჯიშების  შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

გამოფენა-გაყიდვაზე მიწვეულნი იყვნენ  თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვისა და თესლის მიმწოდებელი კომპანიები: აგრონეტი, აგროინვესტი, პასიფლორა,  სინჯენტა, აგროქართლი და დავით კაკაშვილის სანერგე მეურნეობა.  მათ დაინტერესებულ მოსახლეობას მცენარეთა დაცვის, მოვლისა და შენახვის ახალი თაობის საშუალებები, სათესი კულტურები და ხეხილის ნერგები შეღავათიან ფასებში  შესთავაზეს.

ღონისძიების დასასრულს, გამოფენა-გაყიდვაზე მისულ ფერმერებს პროექტ EDKK-ს თანამშრომლების მიერ  საჩუქრები გადაეცათ, ნერგებისა და სათესი მასალების სახით.

კოდისა და შაუმიანის გარდა, გამოფენა-გაყიდვა ეტაპობრივად გაიმართება წინწყაროში, დმანისში, ბოლნისსა და საგარეჯოში.

პროექტის „ეკონომიკური განვითარება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქვემო ქართლსა და კახეთში“ (EDKK) მთავარი მიზანი საქართველოში იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიერ სიღარიბის დაძლევისა და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერაა, რაც ძლიერი და კონკურენტუნარიანი სასოფლო წარმოების, გადამუშავებისა და მარკეტინგულ სექტორში ჩართვის გზით მიიღწევა. პროექტი ასევე ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებული ფერმერების ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებას. აღნიშნული ორწლიანი პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.