დედის დღის აღსანიშნავად გაიცანით ელენე შოშიტაშვილი

ელენე და მისი მეუღლე ზურაბ ჩონიაშვილი სოფელ ქსუისიდან შაუმიანში საცხოვრებლად 2008 წლის ომის შემდეგ გადავიდნენ.  მას შემდეგ რაც დევნილთა დასახლებაში ოთხ შვილთან ერთად დაფუძნდნენ,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურს ცენტრმა ელენეს თხოვნით მიმართა. შაუმიანში მხოლოდ რუსული და სომხური სკოლები არსებობდა და როგორც დაწყებითი კლასის მასწავლებელს, ელენეს დევნილთა ჩაახლებაში ქართულენოვანი  სკოლის გახსნაში დახმარება სთხოვეს. ელენე საქმეს შეუდგა, ესტუმრა დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს და  სკოლისათვის 60-მდე ბავშვი შეაგროვა, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. გარდა მოსწავლეებისა ელენეს მასწავლებლების მოძებნაც სჭირდებოდა. გამომდინარე იქედან, რომ მიზანი ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დახმარება იყო, ელენემ გადაწყვიტა, რომ მასწავლებლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის მოეძებნა. დიდი მცდელობის მიუხედავად შაუმიანში მასწავლებელთა საკმარისი რაოდენობა ვერ მოიძია და კოდის დევნილთა დასახლებას მიაშურა. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა საჭირო რაოდენობა შეგროვდა, შაუმიანში #2 საჯარო სკოლა გაიხსნა. ელენე სკოლის გახსნის დღიდან ამ სკოლაში მუშაობს და  უკვე 9 წელია, რაც ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებს ასწავლის.

2010 წელს ელენესა და ზურაბს მეხუთე შვილი, ანა შეეძინათ, მაგრამ ამის მიუხედავად ელენემ აქტიურად განაგრძო მასწავლებლობა. როგორც თავად ამბობს, ოჯახზე ზრუნვა მის ცხოვრებას უფრო საინტერესოს და ენერგიულს ხდის. პატარა ანას გარდა, 24 წლის თაკო, 23 წლის გვანცა, 16 წლის ნიკა და 13 წლის მარიამი ელენეს აქტიური ცხოვრებისა და მუშაობის სტიმულს აძლევენ.

ბავშვები ელენეს ბოსტნეულის ბაღის გაშენებაში დაეხმარნენ, თუმცა რეგიონში მარწყვის მაღალი მოსავლიანობიდან გამომდინარე, ეს ბაღი მალე მარწყვის ბაღად გადაიქცა. პროექტ  EDKK-ს ფარგლებში ელენემ მარწყვის ჩითილებთან ერთად მათი დათესვისა და მოვლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.  ოჯახი მიიჩნევს, რომ მიწასთან მუშაობა და ფიზიკური შრომა განვითარებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სკოლა და სკლასო მეცადინეობები. ელენე იმედოვნებს, რომ მისი ვაჟი ნიკა, სკოლის დამთავრების შემდეგ ფერმერობას მოკიდებს ხელს.

დედობის, მასწავლებლობისა და ფერმერობის გარდა ელენე შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში (YFC) მენტორობასაც ითავსებს. ის გამუდმებით თავის მოსწავლეებზე ფიქრობს. კითხვაზე, თუ რა რჩევას მისცემდა თავის მოსწავლეებს, ელენემ ემოციები ვერ დამალა.

„ყველა ბავშვს ერთნაირად არ უყვარს კითხვა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი და შევაყვაროთ, რადგან წიგნი მათ ახალი სამყაროს შემეცნების საშუალებას აძლევს.  შაუმიანში მცხოვრები ბავშვები სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას ვერ ხედავენ და ისეთ აქტივობაში ჩართვა, როგროიცაა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC)  ბავშვებს რეალიზებაში, განვითარებასა და იმის გაცნობიერებაში ეხმარება, თუ რისი კეთება სურთ მომავალში. ამ ბავშვებისთვის ყველაზე მეტად მშვიდობას ვისურვებდი“  – თქვა ელენემ.

RDFG ყველა დედას ულოცავს დედის დღეს. დაფასებისა და პატივისცემის ღირსია თითოეული დედის სიკეთე, სიყვარული და თავდაუზოგავი შრომა, რაც  პატარებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ არის მიმართული.