RDFG-ს ტრენინგები კატასტროფის პრევენციის შესახებს

კატასტროფის რისკების შემცირების (DRR) შესახებ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი RDFG-სა და Mercy Corps-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საგანგებო სიტუაციების რისკების შემცირების მიზნით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ორდღიანი ტრენინგის პირველი ნაწილი თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოს დაეთმო.  მონაწილეებმა კატასტროფის რისკების შემცირებაში საკუთარი როლისა და ფუნქციების შესახებ ძირითადი ინფორმაცია მიიღეს. ასევე ისაუბრეს ცხოველთა დაავადებებსა და მათ პრევენციაზე. მეორე კომპონენტი კი სიმულაციური თამაში იყო, რომლის ფარგლებში მონაწილეებს ცხოველთა სხვადასხვა დაავადების პირობებში სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება უხდებოდათ. თამაში რეალისტურ სცენარზე იყო აგებული და მონაწილეებიც არსებული პროცედურების მიხედვით რეაგირებდნენ.

ტრენინგს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი უძღვებოდა. ღონისძების ფარგლებში ვორქშოფებს უძღვებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ეპიდემიოლოგი ცირა ნაფეტვარიძე და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი როსტომ ლეჟავა.

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო მისი რეგიონისთვის. „მოხარული ვარ, რომ ტრენინგის განმავლობაში  რეგიონის წარმომადგენლებს მოგვეცა საშუალება ერთმანეთისთვის იდეები და გამოცდილება გაგვეზიარებინა, თუ როგორ მივაწვდინოთ ხმა ადგილობრივ მოსახლეობას. კატასტროფის რისკების შემცირების შესახებ   სწორედ იმ ფერმერებთან კომუნიკაციაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მსგავს პრობელმებს აწყდებიან“. ქვემო ქართლში ყველაზე დიდი პრობელმა შინაურ ცხოველთა დაავადებებია. აღნიშნულის გამოსასწორებლად, გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებას, ბროშურების დარიგებასა და იმ გამოცდილების გაზიარებას გეგმავს, რაც ტრენინგზე მიიღო.

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი ბარბაქაძემ RDFG -ს ტრენინგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ორდღიანი ტრენინგის შედეგად გაიგო პრევენციული ზომების მნიშვნელობაა. “პრევენვიისთვის გაღებულმა ერთმა ლარმა, შესაძლოა შესალძოა ასობით ლარი დაგვაზოგინოს და რაც მთავარია შესაძლოა უამრავი სიცოცხლე იხსნას. ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას დმანისის კატასტროფის რისკების შემცირების სამუშაო ჯგუფს გავუზიარებ და ერთად ვეცდებით პრევენციის სტრატეგიის შემუშავებას“.

ბუნებრივი კატასტროფებიდან დმანისში ხშირია ქვათაცვენა. ასევე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ძლიერ ქარებს უჩივიან, რომელიც ხშირად ინფრასტრუქტურის, სახლებისა და გზების დაზიანებას იწვევს. „რეგიონის კიდევ  ერთი პრობლემა ხანძარია, რომელიც ხშირად თივის ზვინებიდან ჩნდება. ტრენინგის შედეგად გავიაზრეთ, თუ რა მანძილი უნდა იყოს თივის ზვინებსა და სახლებს შორის, რათა ხანძარი თავიდან ავიცილოთ. ამ პრაქტიკულ ინფორმაციას აუცილბელად გამოვიყენებთ პრევენციისთვის“.

თურალ ისმაილოვმა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა მიღებული ინფორმაციის ყოველდღიურობაში გამოყენებაზე ისაუბრა. „მარნეულში გზების გასწვრივ უამრავი ძველი, გამომშრალი ხეა, რომელთა წაქცევაც საფრთხეს უქმნის მოძრავ ავტომობილებს. ხშირად ქარისა თუ ხანძრისაგან წაქცეულ ხეებს გზა ჩაუხერვას და ზარალი გამოუწვევია. ტრენინგის შედეგად პრევენციული ზომების მნიშვნელობა დავინახე და ვფიქრობ ასეთი ხეების წინასწარ მოჭრით დიდ პრობლემას მოვაგვარებთ“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა როსტომ ლეჟავამ დამსწრეებს 112-ის მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ყურადღება გაამახვილა საგანგებო სიტუაციებში კარგი კოორდინაციისა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო პასუხისმგებელია ქვეყნის მასშტაბით გაავრცელოს ინფორმაცია კატასტროფის რისკების პრევენციის შესახებ და რჩევები მისცეს ადგილობრივ სამუშაო ჯგუფებს. სააგენტო მე-5 კლასელი ბავშვებისათვის სამოქალაქო უსაფრთხოების თემაზე  ქვეყნის მასშტაბით გაკვეთილებსაც ატარებს.

აღნიშნული ტრენინგები RDFG-ს კატასტროფის რისკების შემცირების ცენტრისა (DRR) და   Mercy Corps-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში (ALCP) ჩატარდა. „კატასტროფის რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფებისა და ადგილობრივი საკონტაქტო პირების/კოორდინატორების უნარების გაძლიერების პროექტი“ ქვემო ქართლისა და აჭარის 11 მუნიციპალიტეტის გადამზადებას ითვალისწინებს. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ჩართულობით.