მთავრობის წარმომადგენლებმა რუსთავში სამკერვალო სალონი მოინახულეს

გუშინ ლეილა ბურნაძის პატარა სამკერვალო სალონს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვივნენ – RDFG -ის თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში მელანე ვერვერი. ლეილა ერთ-ერთია იმ 30 ბენეფიციარს შორის, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო და თვით-დასაქმებაზე ორიენტირებული მცირე ბიზნესების დასაწყებად ან გასაფართოვებლად ფინანსური დახმარება მიიღეს „საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ პროექტის ფარგლებში.

სამკერვალო სალონში ლეილა კერავს ტანსაცმელს ქალების, ბავშვებისა და მამაკაცებისთვის, ასევე ქმნის სახლის ინტერიერის აქსესუარებს. ბიზნეს საქმიანობიდან ლეილას სტაბილური შემოსავალი გაუჩნდა თავისთვის და უნარ-შეზღუდული დედისთვის, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. სამკერვალო სალონი სულ რამდენიმე კვირაა გაიხსნა, მაგრამ ლეილას უკვე ყავს სტაბილური მომხმარებლები და დარწმუნებულია ბიზნესის წარმატებაში. ვანო გრიგოლაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა გენდერულ საკითხებში მელანე ვერვერიმ ლეილასთან ისაუბრეს იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რაც პროექტმა შეიტანა მისი ოჯახის ცხოვრებაში.

სტუმრებს შორის ასევე იყვნენ თამარ ბასილაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და  ნათია ხაინდრავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტი/ სამინისტროს მოწვეული ექსპერტი.

პროექტების „საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ და „საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ მთავარი მიზანია დევნილი მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და შემოსავლის წყაროების შექმნა/გაძლიერება. პროექტები  2016 წლის ივნისში დაიწყო და მას შემდეგ ორივე რეგიონში მცხოვრებმა 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა გაიარა სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების მართვის საფუძვლების ორდღიანი ინტენსიურ ტრენინგი. ამ ბენეფიციარებიდან დამოუკიდებელი კონსულტანტისა და ექსპერტთა პანელის მიერ შეირჩა 60 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს გრანტი სასოფლო-სამეურნეო და თვით-დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების წამოწყებისათვის, ან უკვე არსებული ბიზნესების გაფართოვებისათვის.

პროექტი ხორციელდება RDFG-ს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.