ტექნიკის გადაცემა შიდა და ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისათვის

შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში მცხოვრებმა ათეულობით დევნილმა ბიზნეს საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისათვის საჭირო ტექნიკა მიიღო, რაც მათ უკეთესი საარსებო პირობებისა და უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარება. ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საგრანტო პროგრამის ფაგლებში 60 დევნილი დააჯილდოვა. ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნიკა  ბენეფიციარებს RDFG-ს, სამინისტროსა და დევლილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

პროექტში გამარჯვებულ ბენეფიციარებს გადაეცათ 14 ტრაქტორი, 4 სამეწარმეო მაცივარი, 100-მდე ნერგი, სილამაზისა და სამკერვალო სალონის აღჭურვილობა, საავტომობილო სერვისის თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო 80 ერთეული ტექნიკა, ასევე ფუტკრის 5 ოჯახი და მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი.

აღნიშნულ პროექტში 100ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო მონაწილეობა. საწყის ეტაპზე მათ საპროექტო განაცხადის ფორმასა და მისი შევსებისათვის აუცილებელი წინაპირობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.  ასევე ისინი გაეცნენ პროექტის მართვის საფუძვლებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე თვითდასაქმებაზე ორიენტირებული საქმიანობების წარმოების შემთხვევაში. გამარჯვებული 60 ბენეფიციარი სწორედ წარდგენილი ბიზნეს გეგმების მიხედვით შეირჩა.

პროექტებს “საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” და “საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.