RDFG-ს ბიზნეს გრანტები შიდა ქართლში

პროექტის „საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ ფარგლებში  გამარჯვებული 30 ბენეფიციარი გამოვლინდა. მიღებული ბიზნეს გრანტების საშუალებით ისინი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების განხორციელებასა და საარსებო წყაროების შექმნას შეძლებენ. გამარჯვებული 30 ბენეფიციარი ათეულობით მონაწილისაგან შეირჩა, რომლებმაც პროექტის განმავლობაში მოსამზადებელი ტრენინგები გაიარეს და ბიზნეს გეგმები მოამზადეს.

 აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეირჩა ისეთი ბიზნეს იდეები, როგორიცაა მწყრის მოშენება, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და რეალიზაცია; ხელნაკეთი ნივთების დამზადება-გაყიდვა, სამკერვალო სალონი, სახლების სარემონტო სერვისი და ა.შ. გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ უკვე არსებულ ბიზნესებს, როგრიცაა მეფუტკრეობა/თაფლის წარმოება და საავტომობილო სერვისი. RDFG რამოდენიმე ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და აგრეგატებსაც გადასცემს, რათა მათ შეძლონ როგორც საკუთარი მიწის დამუშავება, ასევე იგივე სერვისის შეთავაზება თემის სხვა წარმომადგენლებისთვის.

პროექტის “საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” მთავარი მიზანი რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა და მათთვის საარსებო წყაროს შესაძლებლობის შექმნაა. პროექტის საწყის ეტაპზე დაინტერესებულმა 50-ზე მეტმა ბენეფიციარმა საპროექტო განაცხადის ფორმასა და მისი შევსებისათვის აუცილებელი წინაპირობების შესახებ მიიღო ინფორმაცია.  ასევე ისინი გაეცნენ პროექტის მართვის საფუძვლებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე თვითდასაქმებაზე ორიენტირებული საქმიანობების წარმოების შემთხვევაში. გამარჯვებული 30 ბენეფიციარი სწორედ ამ ჯგუფიდან გამოვლინდა.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.