RDFG-ს ბიზნეს გრანტები ქვემო ქართლში

პროექტის „საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ ფარგლებში  გამარჯვებული 30 ბენეფიციარი გამოვლინდა. მიღებული ბიზნეს გრანტების საშუალებით ისინი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების განხორციელებასა და საარსებო წყაროების შექმნას შეძლებენ. გამარჯვებული 30 ბენეფიციარი ათეულობით მონაწილისაგან შეირჩა, რომლებმაც პროექტის განმავლობაში მოსამზადებელი ტრენინგები გაიარეს და ბიზნეს გეგმები მოამზადეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეირჩა ისეთი ბიზნეს იდეები, როგორიცაა საკონდიტრო ნაწარმის, ხილის, ბოსტნეულის, ყავისა და რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია; ავტომობილებისა და სახლების სარემონტო სერვისი და ა.შ. გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ უკვე არსებული ბიზნესებსაც: სურსათის მაღაზიას, სამკერვალოებსა და სილამაზის სალონებს.

პროექტის “საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” მთავარი მიზანი რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა და მათთვის საარსებო წყაროს შესაძლებლობის შექმნაა. პროექტის საწყის ეტაპზე დაინტერესებულმა 50-ზე მეტმა ბენეფიციარმა საპროექტო განაცხადის ფორმასა და მისი შევსებისათვის აუცილებელი წინაპირობების შესახებ მიიღო ინფორმაცია.  ასევე ისინი გაეცნენ პროექტის მართვის საფუძვლებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე თვითდასაქმებაზე ორიენტირებული საქმიანობების წარმოების შემთხვევაში. გამარჯვებული 30 ბენეფიციარი სწორედ ამ ჯგუფიდან გამოვლინდა.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.