ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ტრენინგი

კახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ჩამოყალიბების თემაზე ტრენინგი გაიარეს. ერთდღიან ტრენინგს, რომელიც ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით კოდის სათემო ცენტრში ჩატარდა, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი რუსუდან თევზაძე უძღვებოდა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია და გაიზიარეს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდების გააქტიურებას და რა არის უშუალოდ მათი როლი ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ჩამოყალიბებაში.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებასა და სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობის ჩვენებას ისახავს მიზნად. დასაქმებისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის მიზნით ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს და გადადის ქალაქში. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები კი სწორედ იმიტომ იქმნება, რომ რეგიონში მცხოვრებმა ახალმა თაობამ ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზევე დაინახოს თავის დამკვიდრებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის პერსპექტივა.

აღნიშნული ტრენინგი კოდის სათემო ცენტრში ჩატარდა და პირველია ტრენინგთა იმ ციკლიდან, რომლის ჩატარებაც წინწყაროს, შაომიანის, დმანისისა და საგარეჯოს სკოლების პედაგოგოებისა და დირექტორებისთვის იგეგმება. ტრენინგის ფარგლებში საუბარი იყო  არაფორმალურ განათლებაზე;  არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვვარების გზებზე; განათლების პროცესში სკოლისა და მასწავლებლების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ტრენინგების შედეგად შეძენილი გამოცდილებითა და უნარებით, მასწავლებლები შეძლებენ წაახალისონ და უზრუნველყონ ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წარმატებული საქმიანობა.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები იქმნება პროექტ EDKK-ს ფარგლებში, რომელიც ქვემო ქართლსა და კახეთში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) გერმანიის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებითა და World Vision-გერმანიის მხარდაჭერით.