ბიზნეს გეგმების პრეზენტაცია შიდა ქართლში

კარალეთის  დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში პროექტის „საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ ბენეფიციარებმა ბიზნეს გეგმები წარადგინეს. პრეზენტაცია მონიტორინგის შედეგად შერჩეულმა 35-მა ბენეფიციარმა სპეციალურად შექმნილი კომისიის წინაშე გამართა. კომისია შედგებოდა დამოუკიდებელი კონსულტანტის, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვისა (RDFG) და სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებისაგან.

ამჟამად, მიმდინარეობს განხილვა იმ ბენეფიციართა იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც გრანტს სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების განსახორციელებლად მიიღებენ. პროექტის თანახმად,  გრანტი კომისიის მიერ შერჩეულ 30 ბენეფიციარს გადაეცემა.

პროექტის “საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” მთავარი მიზანი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა და სასოფლო სამეურნეო და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის გზით გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობის შექმნაა. პროექტის საწყის ეტაპზე დაინტერესებულმა 50-ზე მეტმა ბენეფიციარმა საპროექტო განაცხადის ფორმასა და მისი შევსებისათვის აუცილებელი წინაპირობების შესახებ მიიღო ინფორმაცია.  ასევე ბენეფიციარები გაეცნენ პროექტის მართვის საფუძვლებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე თვითდასაქმებაზე ორიენტირებული საქმიანობების წარმოების შემთხვევაში. ზემოაღნიშნული 35 ბენეფიციარი დამოუკიდებელი კონსულტანტის მიერ საველე მონიტორინგის პირობებში შეირჩა.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.