პროექტი „LIFE Georgia“ დასრულდა

13 სექტემბერს ქალაქ სენაკში პროექტ „LIFE Georgia“-ს (საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული   და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით)  დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას პროექტის დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბენეფიციარები და პროექტის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა დაბა ჯვარში მდებარე პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ მოინახულეს, სადაც პროექტის ფარგლებში  ბენეფიციარებმა პროფესიული კურსები გაიარეს.

„LIFE Georgia“-ს  დახურვის ღონისძიება სენაკის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, დევნილთა დასახლებაში გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს, პროექტის პარტნიორებმა, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, დევნილთა და განსახლების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის გემოგეობისა და საკრებულოს  და სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული სწავლების პროგრამისა და მეწარმეობის ტრენინგის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. დასასრულს, ბენეფიციარების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

„LIFE Georgia“ პროექტის ფარგლებში ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) შიდა ქართლში ახორციელებდა 3 კომპონენტს:

  • დასაქმების პროგრამა „Employment Shuttle“ – პროგრამაში ჩართული 40 მონაწილიდან 27 დასაქმდა, 13-მა კი სწავლა განაგრძო.
  • მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა – 65 დიდი და 12 საშუალო ბიზნეს იდეა დაფინანსდა, აქედან 8 ბიზნესში ჩართულები არიან შშმ პირები. ასევე 51 ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების ნაკრები გადაეცა.
  • პროფესიული განათლების კურსები (VET) – ტრენინგების ფარგლებში 185 ბენეფიციარი გადამზადდა კულინარიაში, ფარმაციასა და ბუღალტერიაში.

 
პროექტი  „LIFE Georgia“, რომელიც სამეგრელოსა და შიდა ქართლში  21 თვის მანძილზე ხორციელდებოდა, დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ACF-ის რელიზი.