პროექტ „LIFE Georgia”-ს მონაწილეებს სასოფლო-სამეუნეო ინვენტარი გადაეცათ

ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) პროექტის „LIFE Georgia”-ს (საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით)  ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი გადაეცათ. 14 ერთეული ინვენტარით შიდა ქართლის მასშტაბით 2 საშუალო და 5 მცირე ბიზნეს ინიციატივა დაჯილდოვდა.  პროექტის მონაწილეებს ინვენტარი ასოციაციის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა გადასცა.

პროექტ „LIFE Georgia“-ს ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა წარმოადგენს,  რაც ასოციაციის მიერ ბიზნეს პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ასოციაციამ უკვე შეარჩია 71 ბიზნესი, რომელთაგან 59 მცირე და  12 საშუალო ბიზნეს ინიციატივაა. აქედან  8 ბიზნესში ჩართულები არიან შშმ პირები.

შერჩეულ ბიზნეს ინიციატივებს შორისაა სასოფლო სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, სილამაზისა და სამკერვალო სალონები, საცხობები, წისქვილები,  ავეჯის წარმოება, საიუველირო სალონი, ვეტერინარული მომსახურება, პროფესიული გადამზადების ცენტრი და ა.შ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ორი რეგიონის (შიდა ქართლისა და სამეგრელოს) 6 მუნიციპალიტეტში  ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ესპანური ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF).