დასაქმების პროგრამა “Employment Shuttle” გრძელდება

ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართვლოთვის“ (RDFG) გორის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით სექტემბრიდან დასაქმების პროგრამას იწყებს. პროგრამა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება და ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და სამსახურის მოძიებაში დაეხმარება.

აღნიშნული პროგრამის საცდელი ეტაპი „Employment Shuttle“ პროექტ „LIFE GEORGIA“ – ს ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა წარმოადგენს Vives Emplea -ს ესპანურ მოდელს,  რომლის პილოტირებაც პირველად საქართველოში მოხდა. ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, პროგრამის  ადაპტირება და პირველადი დანერგვა ACF-ის ხელმძღვანელობითა და RDFG-ს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.

დასაქმების პროგრამის პილოტირების შედეგად პროგრამის მონაწილეთა 70% დასაქმდა, 25%-მა კი სწავლა განაგრძო. ერთწლიანი შედეგებისა და მასში მონაწილეობის მსურველთა მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, RDFG-ს საპროექტო წინადადების საფუძველზე გორის მერიამ პროგრამის გაგრძელებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. პროექტს სექტემბრიდან ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართვლოთვის“ (RDFG) უხელმძღვანელებს. შედეგად, პროგრამაში ჩართვისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების გამომუშავების შესაძლებლობა კიდევ 20 ბენეფიციარს მიეცემა.