გორში გამართული დასაქმების ფორუმი წარმატებით ჩატარდა

გორში 13 მაისს მასშტაბური დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელიც ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან თანამშრომლობით მოეწყო.

აღნიშნული დასაქმების ფორუმი დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა განსაკუთრებული აქტიურობით  გამოირჩეოდა და რეგიონისათვის უპრეცედენტო იყო.

დამსაქმებლების მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო რეგიონში მოღვაწე 40-მდე მსხვილმა კომპანიამ სხვადასხვა სექტორიდან, როგორიცაა: საფინანსო, ნავთობპროდუქტები, ფარმაცია, წარმოება, კომუნალური მომსახურება და სხვა. კომპანიებმა  105 ღია ვაკანსია წარმოადგინეს და  დაინტერესბულ აპლიკანტებს გაესაუბრნენ.

ფორუმისთვის გახსნილ სპეციალურ პორტალზე  ხუთასამდე დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა. ამათგან ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა, რომლებიც RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა, ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა,  სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ წარმოთქვეს.

RDFG მადლობას უხდის ყველა ჩართულ მხარეს ფორუმის ორგანიზებაში მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისათვის.

აღნიშნული დასაქმების ფორუმი პროექტის “LIFE Georgia“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,  ACF (მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ) ხელმძღვანელობით ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ხორციელდება. შიდა ქართლში პროექტს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) 2015 წლის იანვრიდან ახორციელებს.