დასაქმების ფორუმი შიდა ქართლში

ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან თანამშრომლობით 2016 წლის 13 მაისს დასაქმების ფორუმს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ატარებს.

დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნება შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე ოცდაათამდე მსხვილი კომპანია მოქმედი ვაკანსიებით. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ დასაქმების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: http://worknet.gov.ge და მიიღონ მოსაწვევი (კოდის სახით) დასაქმების ფორუმზე წარსადგენად. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს შიდა ქართლის რეგიონის დევნილთა თერთმეტ ჩასახლებაში არსებულ სათემო ცენტრებსა და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: ქ. გორი, სტალინის გამზ. #7), ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში სამუშაო დღეებში 10:00-17:00 საათამდე (მის: ქ. გორი, გელდიაშვილის ქ. #3).

დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა 2016 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: ქ. გორი, სტალინის გამზ. #7).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე მიღებული უნიკალური კოდის წარდგენით.

დასაქმების ფორუმი ტარდება პროექტის „LIFE Georgia”-ს (საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით) ფარგლებში, რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ორი რეგიონის (შიდა ქართლისა და სამეგრელოს) 6 მუნიციპალიტეტში ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ესპანური ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF).