“RDFG” დასაქმების ფორუმის მოსამზადებელ სამუშაო შეხვედრას მართავს

22 აპრილს, ბორჯომში, ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) სასტუმრო „Rixos ბორჯომში“ დასაქმების ფორუმის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარ მიზანს მაისში შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი დასაქმების ფორუმში მონაწილე პოტენციური დამსაქმებლების მოლოდინების გაგება წარმოადენდა. სამუშაო შეხვედრას ოცზე მეტი მსხვილი კომპანიის ადამიანური რესურსების სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე მონაწილეებმა დასაქმების ფორუმის ორგანიზების საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა და მონაწილეობისას წარმოქმნილი სირთულეები განიხილეს. ასევე, ჯგუფის წევრებმა სამუშაოს მაძიებელთა წარდგენის შესაფერისი მექანიზმები და ფორუმის ოპტიმალური მოდელი შეარჩიეს. შეხვედრაზე დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებელთა დიფერენცირების ეფექტური პრინციპის შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინეს და ერთმანეთს რეკომენდაციები თუ განწყობები გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობის საშუალება არა მარტო ინოვაციური დასაქმების პროგრამა “Employment Shuttle“-ის მონაწილეებს, არამედ შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ სხვა სამუშაოს მაძიებლებსაც ექნებათ.

მაისში, დასაქმების ფორუმი გორში „LIFE Georgia”-ს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ეფექტურობის გაზრდისა და დასაქმების ხელშესაწყობად იგეგმება. მიუხედავად ქვეყანაში არაერთხელ ჩატარებული დასაქმების ფორუმისა, ხშირად მათი ორგანიზების პროცესში დამსაქმებელთა აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რაც შედეგებზეც აისახება. გამოწვევის დასაძლევად ყოველთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ  დამსაქმებლთა განწყობები და მოლოდინები. ასოციაცია “RDFG”-ში ფიქრობენ, რომ დამსაქმებლებთან წინასწარი სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფორუმის ხარისხობრივ მახასიათებლებს და უზრუნველყოფს ღონისძიების მაქსიმალურ ეფექტურობას. დამსაქმებელთა მოლოდინებისა და განწყობების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დასაქმების ფორუმი ორგანიზებული იქნება დამსაქმებელთა ჩართულობისა და ფორუმის შედეგების ეფექტურობის მაქსიმალურად გასაზრდელად.

დასაქმების ფორუმის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის „LIFE Georgia”-ს (საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით) ფარგლებში, რომლის მთავრი ამოცანაა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით. აღნიშნული პროექტი  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ორი რეგიონის (შიდა ქართლისა და სამეგრელოს) ექვს მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მას ორგანიზაციათა კონსორციუმი ახორციელებს, რომელსაც ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF) ხელმძღვანელობს.