RDFG საუკეთესო ბიზნესიდეის ავტორებს კვლავ ეხმარება

ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის,“ ევროკავშირის პროექტის “LIFE GEORGIA”-ს დაფინანსებით მცირე და საშუალო ბიზნესის საუკეთესო იდეების ავტორებს საჭირო აღჭურვილობები გადასცა შიდა ქართლში.

პროექტი „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით – LIFE Georgia“ საქართველოს ორ რეგიონში (შიდა ქართლსა და სამეგრელოში) ორგანიზაცია “ACF“-ის (“მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”) ხელმძღვანელობით ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. RDFG აღნიშნულ პროექტს შიდა ქართლის სამ მუნიციპალიტეტში ახორციელებს (გორში, კასპსა და ქარელში). პროექტის მიზანია დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია და გრძელვადიანი საარსებო წყაროების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი 2015 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2016 წლის 30 სექტემბრამდე გასტანს.

პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი ქალები, მამაკაცები და ახალგაზრდები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ უკვე მრავალი ისეთი სახის ხელსაწყო და საწყისი ინვენტარი გადასცა თოთხმეტ მცირე და ექვს საშუალო ბიზნესით დაკავებულ ბენეფიციარს, როგორიცაა სადისტრიბუციო-სატრანსპორტო საშუალებები, საკერავი მანქანები, საწარმოო ორთქლის უთოები, ავტოსამრეცხაოს დანადგარები, ჭების საბურღი მოწყობილობა, საცხობისა და სადურგლო სახის აღჭურვილობა, წისქვილები და სხვა.