USAID Zrda – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი

დონორი: USAID
დაწყების/დასრულების თარიღი: ზამთარი 2018 – გაზაფხული 2020
ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 6 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

USAID Zrda-ის ახალგაზრდული კომპონენტი – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი, რომელიც ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას. პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში. ტრენინგების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. ტრენინგები ხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე.

მეორე ეტაპზე, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის ავტორი ან ავტორთა გუნდი მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს და თავიანთ იდეებს ბიზნეს პროექტებად აქცევენ. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს მინიმუმ 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომელთაგან თითოეული დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის ივნის-სექტემბერში მიმდინარეობდა, 5 გამარჯვებული პროექტი უკვე შეირჩა, რომლებიც შესაბამისად დაჯილდოვდნენ საგრანტო თანხით: 10 000 ლარი, 6 000 ლარი, 6 462 ლარი, 3 600 ლარი და 3 000 ლარი. პროგრამის მონაწილეებმა ბიზნეს იდეები სხვადასხვა მიმართულებით წარადგინეს: ჭვავისა და წიწიბურის პურისა და ორცხობილის წარმოება – გორი; სუკულენტების წარმოება – ზუგდიდი; ტრადიციული ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება – კასპი; პიკანტური ჯემების წარმოება – ასპინძა; მცირე მასშტაბის სამკერვალოს ხელშეწყობა – ადიგენი.

რაც შეეხება პროექტის მეორე ფაზის გამარჯვებულებს, მათი ბიზნეს იდეები შემდეგია: კასპი – რკინის ჭედური ნაკეთობების სახელოსნო ‘რკინის კაცი’ – 10 000 ₾, კასპი – ელექტრო მომსახურების ცენტრი Ready to Light – 5 000 ₾, ბოლნისი -ფრჩხილის მოვლის სალონი – 3 700 ₾, გორი – ვაშლის ძმრის წარმოება – 6 400 ₾ და ზუგდიდი – ერთიანი ონლაინ პლათფორმა ‘რა ვაჩუქო’ – 9 835 ₾.

პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
  • სულ მცირე 5 მდგრადი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

 

ბიზნეს იდეის შეფასების ფორმა – I ფაზა

ბიზნეს იდეის შეფასების ფორმა – II ფაზა

 

საკონტაქტო პირი
რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge